თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 11-დან ექვსი შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა, ერთი - შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში, ასევე ბათუმში, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს ერთ თანამშრომელს ასევე აჭარაში. კორონავირუსის ორი ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან ერთი ბათუმში, მეორე კი რუსთავში.
„შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, თერთმეტივე თანამშრომელი შესაბამის მკურნალობას გადის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 3502-ს მიაღწია, სულ გამოჯანმრთელდა 1494 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.