თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს COVID-19 დაუდასტურდა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ჯიშკარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს განუცხადა, მას შემდეგ, რაც მისი პარტიის წევრებს, ლევან გოგიჩაიშვილსა და გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდგინდათ, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„მეათე დღეს დამეწყო თავის ძლიერი ტკივილი, არ მიყუჩებდა მედიკამენტი და ეპიდემიოლოგების რჩევით კარანტინიდან გადავედი ცხელების ცენტრში, ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც დღეს მივიღე „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი. დავკარგე ყნოსვა და გემოც“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
მისივე თქმით, 10 დღის განმავლობაში კონტაქტი არ ჰქონია არავისთან, შესაბამისად, კონტაქტების წრე მინიმალურია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.