თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც მოსკოვის ЦСКА-ში („ცსკა“) თამაშობს, „არმიელთა“ შემადგენლობაში პირველი ჯილდო - გომელსკის თასი მოიპოვა.
ტრადიციული ტურნირის ფინალში, რომელიც მოსკოვში გაიმართა, ЦСКА-მ პერმის „პარმა“ ანგარიშით 91:51 გაანადგურა.
ტურნირის შედეგების მიხედვით, შენგელია საუკეთესო ფორვარდად აღიარეს. ფინალურ მატჩში ქართველი კალათბურთელის ანგარიშზეა 10 ქულა, სამი მოხსნა, სამი შედეგიანი გადაცემა და ოთხი ჩაჭრა. გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა დერან ჰილიარდი, რომელმაც 14 ქულა დააგროვა.
თორნიკე შენგელია „ცსკა"-ში მიმდინარე წლის ივლისში ესპანეთის „ბასკონიიდან" გადავიდა, რომელშიც 2014 წლიდან თამაშობდა. ამ სეზონში ის კლუბს ქვეყნის ჩემპიონობაში დაეხმარა. 28 წლის ქართველი კალათბურთელის კონტრაქტი მოსკოვის კლუბთან სამ წელზეა გათვლილი.
გომელსკის თასი - ტრადიციული ამხანაგური ტურნირია, რომელიც მე-13-დ გაიმართა. მოსკოვის „ცსკა“ თასს მეათედ დაეუფლა.