თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებულმა ორსულმა იმშობიარა, იუწყება "პირველი არხი".
კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 38 კვირის ორსული „ბომონდში“ ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს. მას კლინიკაში შეყვანის მომენტში მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
„საკეისრო კვეთა წარმატებით დასრულდა. ახალშობილსა და დედას ჩაუტარდათ ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დედას, მას უგრძელდება მკურნალობის კურსი“, – განაცხადეს კლინიკაში.
კლინიკა „ბომონდის“ სტაციონარში ამ დროისთვის კოვიდ-დადებითი 60 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება ბათუმის სამშობიარო სახლს, ამ ეტაპზე იქ 16 კოვიდ-ინფიცირებული ორსული მკურნალობს. სამშობიარო სახლის დირექტორის განცხადებით, ყველა ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქვეყანაში ბოლო დროს ეპიდემიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ემატება. სულ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 3119 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1435, გარდაიცვალა 19 პაციენტი.