თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველები უგზოუკვლოდ დაკარგულ 41 წლის ამირან გაფრინდაშვილს ეძებენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მამაკაცი თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობს. მას ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
სამართალდამცავ უწყებაში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 12 აგვისტოს შევიდა.
„შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.