თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. 2019 წელს რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში იყო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ RTVI-ზე თინა კანდელაკის გადაცემაში „სპეციალური სტუმარი“.
საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი 2000 წელს რუსული მხარის ინიციატივით დაწესდა. 2012 წლის დაწყისში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზები ცალმხრივად გააუქმა.
2019 წლის ივნისში საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული აჟიოტაჟისა და საპროტესტო აქციების საპასუხოდ რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.
„ქართველებს ახლაც შეუძლიათ ვიზების მიღება და ჩამოსვლა. შემთხვევების ჩამონათვალი, რომელიც ვიზის მიღების შესაძლებლობას იძლევა, გაფართოვდა. ახლა რუსეთში ჩამოსასვლელად პრაქტიკულად არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ვიზების მიღება თბილისში მოქმედ რუსეთის ინტერესების სექციაში და საზღვარგარეთ არსებულ სხვა დაწესებულებაში თავისუფლად არის შესაძლებელი“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, გასულ წელს რუსეთი მზად იყო საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის.
„ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა, სულ რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი, რომ ჩვენ ამის შესახებ გამოგვეცხადებინა, მაგრამ მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომაზე მოხდა ის შემთხვევა რუსეთის პარლამენტის დელეგაციასთან დაკავშირებით, როდესაც თვითონ მოიწვიეს, ჩასვეს სავარძელში და შემდეგ პრაქტიკულად ძალა გამოიყენეს მათ წინააღმდეგ“, – განაცხადა ლავროვმა.
2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა – აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. იმ ღამეს 240 ადამიანი დაშავდა.