თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში გერმანული ნაგაზის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება.
ირკვევა, რომ ძაღლის პატრონი ცოტა ხნის წინ სწორედ მის გამო დაჭრეს და ავადმყოფი მხოლოდ ამ ძაღლის ყეფაზე რეაგირებს.
როგორც მეპატრონე წერს, 5 წლის ნაგაზს დექსტერი ჰქვია, ყელზე ჯაჭვი აქვს და გრძელი საბმელი, ნეიროდერმიტის დაავადება აქვს და თუ ვინმე მას სახლში წაიყვანს, ნერვიულობის ფონზე საკვებს არ მიეკარება და მოკვდება.
„მე როგორც დედა ყველას გთხოვთ, დააბრუნეთ ერეკლეს ძაღლი!“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ჩეკურიშვილი.
17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილს, რომელიც 20 წლით უფროსმა მამაკაცმა ძაღლების ჩხუბის გამო თავის არეში დაჭრა, 3 ტყვია ამ დრომდე თავში აქვს ჩარჩენილი და ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც მოზარდის დედა ნინო ჩეკურიშვილი აცხადებს, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა 37 წლის დიმიტრი როსტომაშვილმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ სროლის მომენტში ამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.