თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. პანდემიის მიუხედავად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დადგენილ ვადაში ჩატარდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ამ დროისათვის საქართველო „მწვანე ზონის“ სტატუსს ინარჩუნებს, რაც ნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელება მთავრობისა და ჯანდაცვის სამსახურების კონტროლის ქვეშაა.
„დღეს არა მარტო არჩევნებს, არამედ წინასაარჩევნო კამპანიასაც არაფერი ემუქრება. ამ კუთხით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თუ საჭირო გახდება რაიმე ზომების გატარება, ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არჩევნების ჩატარებისთვის ხელის შემშლელი არ გახდება. არჩევნები თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 179 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი. კლინიკებსა და კოვიდ–სასტუმროებში, სადაც მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები გადაჰყავთ, კორონავირუსის დიაგნოზით 1488 პაციენტი მკურნალობს.
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2937-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1422 ადამიანი. გარდაცვლილია 19 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.