ქართველი სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება

© photo: Government of Georgia / FB გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე
გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გამო საქართველოდან ფრენები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდება, დანარჩენ ქვეყნებში კი საქართველოს მთავრობა სპეცრეისებს ნიშნავს.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სტუდენტების გადასაყვანად საქართველოდან გერმანიის მიმართულებით 25 ივლისს და 11 აგვისტოს ფრენები უკვე განხორციელდა. ასევე ბუდაპეშტის მიმართულებით სუბსიდირებული რეისი განხორციელდა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპაში სწავლობენ. პროგრამის ფარგლებში სუბსიდირებული ბილეთის ფასი 199 ევროს არ აღემატება.

 MyWay Airlines - Sputnik საქართველო
ქართველი სტუდენტები ბუდაპეშტში სპეცრეისით 8 სექტემბერს გაფრინდებიან

მთავრობის მეთაურის თქმით, სასწავლო წელი ეტაპობრივად იწყება სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქართველი სტუდენტების დახმარებას.

„ჩვენ უკვე განვახორციელეთ სამი სუბსიდირებული რეისი და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები მარტში სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

მორიგი სპეცრეისი: Georgia Airways–მა ქართველი სტუდენტები გერმანიაში ჩაიყვანა>>

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობო შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. დანარჩენ ქვეყნებში კი მოქალაქეთა ჩასაყვანად და წამოსაყვანად საქართველოს მთავრობა ჩარტერულ ნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0