არასტანდარტული ვაშლი: შიდა ქართლში 2 ათას ტონაზე მეტი გადამუშავდა

© photo: Sputnikვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფო კომპანიებს 0,1 ლარს აუნაზღაურებს ერთ კილოგრამზე, თუ ისინი ფერმერებისგან 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს მინიმუმ 0,22 ლარად ჩაიბარებენ.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა აქტიურ ფაზაშია – ბოლო მონაცემებით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ცხრა კომპანიამ შიდა ქართლში 2 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ნაყოფი გადაამუშავა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

ვაშლი - Sputnik საქართველო
გორში ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა

არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხილის გადამამუშავებელ კომპანია GSK Kula-ში გაეცნო.

„საქართველოს გადამამუშავებელი სექტორის მდგომარეობა წლიდან წლამდე უმჯობესდება, ხდება ტექნიკური გადაიარაღება და ავტომატიზაცია. ეს, ერთი მხრივ, ამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და მას კონკურენტუნარიანს ხდის, მეორე მხრივ კი ზრდის სტანდარტებს, რომლითაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შედის მსოფლიო ბაზრებზე“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა

GSK Kula-ს დირექტორის ივანე გოგლიძის განცხადებით, კომპანია პროგრამის დაწყებიდან ჩართულია როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესში – საწარმომ უკვე 700 ტონაზე მეტი ნაყოფი გადაამუშავა.

„კომპანიას დღე-ღამეში 200 ტონა ნედლეულის გადამუშავების სიმძლავრე გააჩნია“, – აღნიშნა გოგლიძემ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

წელს საქართველოში, ძირითადად, შიდა ქართლში ვაშლის უხვ მოსავალს ელოდებიან – 120 ათას ტონაზე მეტს. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ბაზარზე ვაშლზე ფასი დაეცა, ამიტომაც მთავრობა გარკვეულ ინტერვენციებს ახორციელებს იმ ფერმერებისა და კომპანიების მხარდასაჭერად, რომლებიც ხილის გადამუშავების სფეროში მუშაობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0