თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. 15 სექტემბრიდან ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას კარანტინის გარეშე შეძლებენ, ამის შესახებ „პირველი არხის“ ეთერში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
საუბარია გერმანის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიასა და ლიეტუვის მოქალაქეებზე.
რომელი ქვეყნებიდან გეგმავენ საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლას? >>
მისი თქმით, ტურისტები საქართველოში შემოსვლას PCR-ტესტის წარდგენის საფუძველზე შეძლებენ.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან კარანტინის ვადა იზღუდება რვა დღემდე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა გავითვალისწინეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია აღნიშნულთან მიმართებაში. აქვე მოგახსენებთ, რომ ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომელიც ნაცვალგების ქვეყნის მოქალაქეა, ხვალიდან საქართველოში შეძლებენ საზღვრის კვეთას კარანტინის გარეშე, თუ ისინი წარმოადგენენ 72 საათის ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
საქართველოში საქმიანი ვიზიტის განსახორციელებლად უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა წინასწარ უნდა შეავსონ შესაბამისი ფორმა და აღნიშნონ შესაბამისი უწყება, რომლის მოწვევითაც ისინი გეგმავენ ქვეყანაში ჩამოსვლას. საქართველოში მივლინებით ჩამოსულმა პირებმა ყოველ 72 საათში კორონავირუსზე PCR–ტესტი უნდა გაიკეთონ ან სავალდებულო კარანტინი გაიარონ საკუთარი ხარჯებით. ეს პირობა არ ეხება ზემოაღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს.
მალე საქართველოში ხანგრძლივი ვადით ჩამოსვლას შეძლებენ ის უცხოელი ვიზიტორებიც, რომლებსაც საქართველოდან დისტანციური მუშაობის სურვილი ექნებათ.
საქართველოში გრძელვადიანი პერიოდით ყოფნის მსურველებისთვის უკვე შემუშავდა განაცხადების მიღების ელექტრონული პლატფორმა.
„შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა" – რამდენ უცხოელს სურს საქართველოდან დისტანციურად მუშაობა >>
გრძელვადიანი პერიოდით ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. განცხადებაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტრაქტორის შესახებ, წინასწარ დასტურს სავალდებულო კარანტინის გავლის თაობაზე და ა.შ.