თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უკმარისობა, სულ ცოტა, 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მიაჩნია მსოფლიოში ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Serum Institute of India-ს ხელმძღვანელს ადარ პუნავალს, რომელმაც ინტერვიუ მისცა გაზეთ Financial Times-ს.
Serum Institute of India — ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. კომპანია ყოველწლიურად 1,5 მლრდ დოზა ვაქცინას ამზადებს 170-ზე მეტ ქვეყანაში გამოსაყენებლად.
„გაივლის კიდევ ოთხი–ხუთი წელი, სანამ ვაქცინას პლანეტის ყველა მოსახლე მიიღებს“, — განაცხადა მან ინტერვიუში.
პუნავალის განმარტებით, ყველა ადამიანის ასაცრელად ვაქცინის 15 მლრდ დოზაა საჭირო.
„ვიცი, რომ მსოფლიოს სურს ოპტიმიზმით იყოს განწყობილი [ვაქცინის წარმოების მიმართ]... მაგრამ მე არ მსმენია, რომ დღეისათვის ვინმე თუნდაც ახლოს იყოს ამ მაჩვენებელთან“, — აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, ამ დროისათვის ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების ვალდებულებები ბევრად აჭარბებს მათ შესაძლებლობებს.
გამოცემის ინფორმაციით, Serum Institute of India COVID-19-ის ვაქცინის შემუშვებაზე ხუთ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის, AstraZeneca-სა და Novavax-თან. კომპანია აპირებს გამოუშვას ერთი მილიარდი დოზა ვაქცინა, რომლის ნახევარიც ინდოეთის მოსახლეობას მოხმარდება. ამასთან ინსტიტუტი შეიძლება გახდეს რუსეთის გამალეის ცენტრის პარტნიორიც ვაქცინა Sputnik V-ს წარმოებაში.
ამ დროისათვის ინდოეთში კლინიკური გამოცდების მეორე ფაზას გადის COVID-19-ის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა: კომპანია Bharat Biotech-ის, Zydus Cadila-სა და ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი ვაქცინა ChAdOx1. ამ უკანასკნელის გამოცდას სწორედ Serum Institute of India ატარებს 17 სამედიცინო ცენტრში.