თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ აშშ-ის მოსახლეობა ჩვეულ ცხოვრებას 2021 წლის შუამდე ან წლის ბოლომდე შეიძლება დაუბრუნდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ COVID-19-ის ვაქცინა უახლოეს მომავალში გაჩნდება.
ასეთი ვერსია წამოაყენა აშშ-ის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ.
„მე მიმაჩნია, რომ ხელმისაწვდომი ვაქცინა გვექნება ამ წლის ბოლომდე - მომდევნო წლის დასაწყისამდე. მაგრამ ის მომენტი, როდესაც ინფექციის გავრცელება ლოკალიზდება, მიღწეული იქნება ვაქცინაცია და მოსახლეობის უმრავლესობის დაცვა, - ეს, სავარაუდოდ, 2021 წლის შუამდე ან ბოლომდე არ მოხდება“, - განაცხადა ფაუჩიმ MSNBC-თან ინტერვიუში.
„თუ ვისაუბრებთ რაღაც ნორმალურ დონესთან დაბრუნებაზე, რომელიც შეედრება იმას, სადაც ჩვენ COVID-მდე ვიყავით, ეს 2021 წლის დასაწყისს გაცილებით გადაცილებული პერიოდი იქნება, შესაძლოა, 2021 წლის ბოლოსკენ უფრო ახლოს“, - აღნიშნა ექსპერტმა.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 6,4 მილიონზე მეტი შემთხვევა და 192 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.