თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (30-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) ავსტრიის კიცბიულში ტურნირის პირველივე წრეში წააგო.
ქართველი ჩოგბურთელი არგენტინელ ფედერიკ დელბონისსთან (79) ორ პარტიაში დამარცხდა – 5:7, 3:6. მატჩი თითქმის საათ-ნახევარი გაგრძელდა.
ბასილაშვილმა შეხვედრა საკმაოდ წარმატებულად დაიწყო და მესამე გეიმში ბრეიკის გაკეთებაც შეძლო, მაგრამ პარტიის დასასრულს საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი მოტყდა. შედეგად – პირველი სეტი 5:7 დასრულდა.
მეორე სეტში გამარჯვებისთვის არგენტინელს 40 წუთზე ნაკლები დასჭირდა. დელბონისმა ზედიზედ ორჯერ აიღო ბასილაშვილის ჩაწოდება და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა უკვე ტექნიკის საქმე იყო.
COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული პაუზის შემდეგ ბასილაშვილმა უკვე ხუთი მატჩი ჩაატარა და ვერც ერთში ვერ მოიგო ერთი სეტიც კი.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილის ასეთი უსახური თამაში ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებულ ვითარებას უკავშირდება. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საკითხზე სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერს არის დანიშნული.
ბასილაშვილს ბრალი არ დამძიმებია: გენპროკურატურა ინფორმაციას უარყოფს>>
ასეთ ვითარებაში სპორტსმენს, როგორც ჩანს, უჭირს ჩოგბურთზე კონცენტრირება.
თავისი კარიერის განმავლობაში 28 წლის ბასილაშვილმა მოიგო АТР-ს სერიის სამი ტურნირი და მთლიანობაში 5,5 მილიონი დოლარი საპრიზო გამოიმუშავა. აქედან 300 ათასი მხოლოდ ამ სეზონზე.