თბილისი, 9 სექტემბერი - Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსულ მასმედიასთან ინტერვიუში ისაუბრა თავის რამდენიმე დიალოგზე თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ RT-ს და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის, პირველი არხის ანტონ ვერნიცკის და სხვა რუსი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
როდესაც ჟურნალისტმა მარგარიტა სიმონიანმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს რეზიდენციაში ისეთივე სიგრილეა, როგორიც პუტინის რეზიდენციაში, ამის საპასუხოდ კი ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ პუტინს სითბო უყვარს.
„პუტინს სითბო უყვარს. აი ამას ვერ იტანს, კონდიციონერებს არ რთავს. როდესაც სადმე ვსაუბრობთ, ვეუბნები ხოლმე: „აქ ყოფნა შეუძლებელია, ცხელა“. ის კი მპასუხობს: „სადაა სიცხე? 20 გრადუსია“. მე კი: „ჩემი აზრით, ცხელა“, - აღნიშნა მან.
კითხვას, იცნობს თუ არა იგი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაპირველად განაცხადა, რომ არასდროს ამბობს ტყუილს.
„პუტინთან ერთხელ განვიხილავდით ამ საკითხს, მითხრა: „რა საჭირო იყო ასეთი გულახდილობა?“ და სხვა... ვეუბნები: „იცი, დღეს თუ იტყვი რამეს არასწორად, ხვალ დაგავიწყდება, რაზე ილაპარაკე, შემდეგ სხვანაირად იტყვი და გკითხავენ: როდის თქვი სიმართლე?“ ამიტომ - რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს, გეფიცებით, არ ვიცნობ. მე მათ არ ვიცნობ და არა მგონია, თქვენ იცნობდეთ“, - განაცხადა მან.
ლუკაშენკომ პუტინთან საუბარი მოიშველია ასევე, როდესაც პასუხობდა ანტონ ვერნიცკის კითხვას იმის თაობაზე, მზადაა თუ არა იგი მოლაპარაკებისთვის ვინმესთან ოპოზიციის რიგებიდან.
„ვინმესთან“ პრეზიდენტები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ. ამიტომ დღეს არ ვიცი, ვისთან გავმართავ მოლაპარაკებას. თუ ეს ოპოზიციაა - და როგორც ჩანს, ისინი არიან, ვინც ეს ორი (პრეზიდენტის სიტყვებით, „ანტირუსული და ანტიბელარუსული“, - რედ.) პროგრამა წამოაყენა, - მე მათთან სალაპარაკო არაფერი მაქვს“ - განაცხადა ლუკაშენკომ.