თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ცნობილია, რომ ალკოჰოლის ხშირი გამოყენება სერიოზულ ზიანს აყენებს ორგანიზმს და ჯანმრთელობას „ძირს უთხრის“, მაგრამ სპირტიანი სასმელის ზომიერი მიღება კოგნიტიურ ფუნქციებს აუმჯობესებს, განსაკუთრებით, ხანდაზმულ ასაკში, იუწყება CNN ამერიკელ მეცნიერებზე დაყრდნობით.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლის ერთი-ორი ჭიქის დალევის შემდეგ ადამიანის ტვინი უკეთ ფუნქციონირებას იწყებს. თუმცა ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სასმელის ხარისხსა და რაოდენობას.
სწავლულებს მიაჩნიათ, რომ ალკოჰოლის სასიკეთო დოზა — ეს არის ერთი ჭიქა ღვინო, ვისკი თუ სხვა ძლიერი სასმელი, ან ერთი ქილა ლუდი — არაუმეტეს 8 ულუფისა კვირაში ქალებისთვის, და 15 ულუფა კაცებისთვის.
როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი კაარინ ანსტი განმარტავს, ზომიერი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება სასარგებლოა ხანდაზმულთათვის, რადგან აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს და ხელს უშლის დემენციის განვითარებას – დაავადებისა, რომელიც იწვევს მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას.
ამასთან, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ჯანმრთელობისთვის ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს, ამიტომ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა სპირტიანი სასმელების დალევისგან თავი სრულად უნდა შეიკავონ.