თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ, 13 და 19 წლის და-ძმას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ბათუმიდან 30 აგვისტოს დაბრუნდნენ, 6 სექტემბერს კი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ.
ამ დროისათვის ახალგაზრდები რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც სამეგრელო–ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, ამ წუთებში ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების დასადგენად ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
რაც შეეხება რუხის კლინიკას, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით რვა პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„კლინიკაში მკურნალობას რვა კოვიდ–ინფიცირებული გადის. მათგან ექვსი ახალი შემთხვევაა. ოთხის ინფიცირების წყარო გურიაა, ერთი სენაკს ეკუთვნის, ერთი კი ქუთაისს. ინფიცირებულთა შორის ორი არასრულწლოვანია. რაც შეეხება ახალი პაციენტების ზოგად მდგომარეობას, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, საშუალო სიმძიმისაა. ორ პაციენტთან დაკავშირებით დამატებითი კვლევები დღეს არის დაგეგმილი“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა მაია ჯანაშიამ.
გამყრელიძე: საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება>>>
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1729 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1321, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია