თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევების სააგენტო NASA-ს სპეციალისტებმა მთვარემდე მისასვლელად მაქსიმალურად მოკლე და სწრაფ გზას მიაგნეს და ეს აღმოჩენა დააპატენტეს, იუწყება Science Alert.
NASA-patented trajectory from Geosynchronous Transfer Orbit to the Moonhttps://t.co/pBixZnUW6J pic.twitter.com/p3wZcWDpsG
— dada (@dadababako1966) September 8, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ტრაექტორია მთვარემდე მისასვლელად საჭირო დროს ნახევარი წლიდან 2,5 თვემდე შეამცირებს. ეს არა მარტო დაზოგავს საწვავს, არამედ შესაძლებელს გახდის, რომ ბორტზე ბევრად მეტი სამეცნიერო ტექნიკა განთავსდეს.
ამ მოხერხებული ტრაექტორიით კვლევითი მისიები ისარგებლებენ.
გამოცემა წერს, რომ დედამიწიდან მთვარემდე ახალ მარშრუტზე პატენტი, ერთი შეხედვით, შესაძლოა უცნაურად ჩანდეს, მაგრამ NASA-ს სწავლულებს თავისი არგუმენტები აქვთ: ეს არის ინტელექტუალური საკუთრება, რომელზე მუშაობასაც დიდი დრო, ზუსტი ანალიზი და მოდელირება დასჭირდა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ამერიკელებს კოსმოსური რესურსების მოპოვების უფლებას ანიჭებს. დოკუმენტის თანახმად, სხვა სახელმწიფოების ნებისმიერი ქმედება კოსმოსში, რამაც შესაძლოა რაიმე სახით ხელი შეუშალოს აშშ-ის კოსმოსურ მისიებს ან რაიმე ტიპის გავლენა მოახდინოს მთვარეზე არსებული ობიექტების, მათ შორის მოწყობილობებისა და დასაშვები მოედნების დაცულობაზე, წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული აშშ-ის ხელისუფლებასთან.