გამყრელიძე: საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება

© Facebook / Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, მოსალოდნელი იყო, რაც გარკვეულწილად აჭარაში ზაფხულის სეზონზე ტურისტული ნაკადის ზრდით აიხსნება.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენციისა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულიად მართვადია, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
ეზუგბაია: კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა აჭარას უკავშირდება

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1684-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1315 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 299 პაციენტია.

გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, მოსალოდნელი იყო, რაც გარკვეულწილად აჭარაში ზაფხულის სეზონზე ტურისტული ნაკადის ზრდით აიხსნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში გვაქვს ახალი შემთხვევების დინამიურად ზრდის ტენდენცია, ჩვენი ე.წ. სამფეროვანი შუქნიშნის მიხედვით და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემების მიხედვით, კვლავ „მწვანე ზონაში“ ვართ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ყვითელი, გამაფრთხილებელი ზონა მაშინ იწყება, როდესაც 100 ათას მოსახლეზე 10-დან 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდება, წითელი ზონა კი 100 ათას მოსახლეზე 30-ზე მეტ შემთხვევას ითვალისწინებს.

„ჩვენ გავაანალიზეთ ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის პირველი კვირის ე.წ. ინციდენტობის (100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა) მაჩვენებლები. ეს მაჩვენებელი ივნისის პირველ კვირაში 100 ათას მოსახლეზე იყო 0,7, აგვისტოში – 1,2, ხოლო სექტემბრის პირველ კვირაში დაფიქსირდა 5,3. რაც მიანიშნებს იმას, რომ ვირუსის ზრდის ტენდენცია არის, მაგრამ კვლავ „მწვანე ზონაში“ ვრჩებით”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ჯანდაცვის უწყების მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვისკენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0