თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. სკოლებისგან განსხვავებით, უნივერსიტეტებში ყველასთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, სტუდენტებმა თავი უნდა შეიკავონ თავშეყრისგან და დაიცვან პირადი ჰიგიენა.
„ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით მოამზადა რეკომენდაციების პაკეტი. უნივერსიტეტების რეკომენდაციების პაკეტი მსგავსია იმის, რაც სკოლებისთვის მომზადდა, თუმცა მთავარი განსხვავება გახლავთ ის, რომ უნივერსიტეტებში ყველასთვის არის ნიღბის ტარების მოთხოვნა“, - განაცხადა გაბუნიამ.
რეკომენდაციები ასევე მოიცავს ფიზიკური დისტანცირების დაცვას, ხელის დეზინფექციას. მისივე თქმით, არ უნდა იყოს თავშეყრის ადგილები უნივერსიტეტებში.
საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დაიწყება სკოლებში, ორი კვირის შემდეგ კი, 1 ოქტომბრიდან – საბავშვო ბაღებში. სასწავლო პროცესი სპეციალური რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა 2 მარტს შეწყდა. სწავლის განახლების თარიღი სამჯერ გადაიტანეს. საბოლოოდ კი 24 აპრილს ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები სწავლას სექტემბრამდე არ განაახლებდნენ.