თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. თხილი საქართველოსთვის დიდი პოტენციალის მწონე ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურაა, რადგან საქართველო არამარტო ღვინის სამშობლოა, არამედ თხილისა, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღესასწაულზე „თხილობა 2020“.
ზუგდიდში დღესასწაულზე შეკრებილ სტუმრებს დავითაშვილმა უამბო, რომ თხილის წარმოშობის ცენტრია ისტორიული ლაზიკა, შავი ზღვისპირეთი, და ბევრ უცხო ენაზე მისი სახელწოდება სწორედ შავ ზღვასთან ასოცირდება.
„ეს არის მანიშნებელი, რომ ჩვენ გვაქვს დიდი ისტორიული კავშირი ამ კულტურასთან და არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენ დიდი ეკონომიკური დამოკიდებულება გვაქვს თხილის კულტურაზე. დიდი პოტენციალი გააჩნია ამ კულტურას. იმ შემთხვევაში თუ უფრო მეტად ორგანიზებულები ვიქნებით, უფრო მეტ შედეგს მივიღებთ და შევძლებთ, რომ თხილის ასეულობით მილიონი დოლარის ექსპორტი იყოს საქართველოდან და ეს იქნება ოჯახების შემოსავალი“, – დასძინა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთსა და აზერბაიჯანთან, რომლებიც საქართველოსთან ერთად თხილის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნების სამეულში შედიან.
ვინ ყიდულობს ქართულ თხილს
ბოლო მონაცემებით, საქართველოდან თითქმის 1,8 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 81%-ით აღემატება, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ასე, მაგალითად, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 991 ტონას შეადგენდა.
„მიმდინარე წელს, ქართული თხილი განსაკუთრებულად კარგი ხარისხით გამოირჩევა. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (460 ტონა), იტალიაში (423 ტონა), ჩეხეთში (154 ტონა), ესპანეთში (93 ტონა), პოლონეთში (66 ტონა), ლიეტუვაში (62 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთში (22 ტონა), ლატვიაში (21 ტონა), საფრანგეთსა (42 ტონა) და საბერძნეთში (10 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (66 ტონა), უკრაინა (61 ტონა), მექსიკა (25 ტონა), ბრაზილია (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), ბელარუსი (21 ტონა) და სომხეთი (154 ტონა).
პროგნოზებით, 2020 წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება და მისი ექსპორტი მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.