თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევიდან 12 აჭარაში გამოვლინდა, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა.
როგორც შავიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი ახალი შემთხვევა ბათუმში კაფე-საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება, კიდევ სამი - ძველი შემთხვევების კონტაქტებია.
„დანარჩენები შემთხვევები გამოვლენილია პოლიკლინიკასა და ბულვარში, აგრეთვე ცხელების ცენტრში. ესენი თვითდინებით არიან მისულები, მათი პირველწყაროები ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს ეპიდკვლევა“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.
მისი თქმით, ბათუმში მდებარე კარვებში PCR-ტესტის ჩატარების მსურველთა ნაკადი შემცირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 1 800 ტესტი.
რაც შეეხება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც კორონავირუსი ერთ თანამშრომელს დაუდგინდა, ტესტირება ტელევიზიაში ჯერჯერობით არ დასრულებულა.
საქართველოში 2 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი - 38 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 22 შემთხვევა დადასტურდა ინფიცირების ერთ ჯაჭვში - ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონაში“.