თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. პოლიციამ ბათუმში დააკავა 29 წლის მამაკაცი, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობა ედება ბრალად, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს -29 წლის ლ.დ.-ს. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
უწყების ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გარდა ამისა, ბრალდებული ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-ს სტატისტიკით, 2020 წლის პირველ ნახევარში მომხდარ დანაშაულებს შორის ქურდობის შემდეგ ოჯახური ძალადობა მეორე ადგილს იკავებს. ნახევარი წლის განმავლობაში საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებმა დაახლოებით 2,6 ათასი მსგავსი შემთხვევა დააფიქსირეს – გახსნილია 64,25%.