თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერია თბილისის ტელეანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ტენდერს აცხადებს.
როგორც კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტის რეალიზების შედეგად ტელეანძა ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო ობიექტი გახდება.
დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე იგეგმება გადმოსახედი ტერასის განთავსება, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე იქნება რესტორანიც.
„ეს ადგილი მიმზიდველი გახდება არამარტო ჩვენი ქალაქისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. ჩვენ გვინდა ამ პროექტზე ტენდერის გამოცხადება, რათა დავაინტერესოთ ბიზნეს-სექტორი. ჩვენი გათვლებით, პროექტის რეალიზაციისთვის 10-15 მილიონი ლარი იქნება საჭირო", - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ მის მოადგილე ირაკლი ხმალაძეს ბიზნეს-სექტორთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა, რათა მოხდეს მათი მხრიდან ანძის მოდერნიზაციის პროექტით დაინტერესება.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში თბილისის ანძა ჩენს ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის ტელეანძა 1972 წელს აშენდა. მისი სიმაღლე 274,5 მეტრია.