თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის მუქარებისა და სანქციების მიუხედავად მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა ბოლომდე დასრულდება, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქალაქ შტრალზუნდში ვიზიტის დროს.
„გერმანიის მთავრობა აპირებს ბოლომდე დაასრულოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა, მიუხედავად აშშ–ის წინააღმდეგობისა“, — ციტირებს კანცლერის სიტყვებს ტელეარხი MDR.
მანამდე გაზეთმა Handelsblatt-მა გამოაქვეყნა ფრაგმენტები სამი ამერიკელი სენატორის წერილიდან გერმანიის ქალაქ ზასნიცის პორტის დირექციისადმი. კონგრესმენები გაზსადენის მშენებლობის ხელშემწყობი სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ფინანსური განადგურებით“ იმუქრებოდნენ.
ბუნდესტაგის ეკონომიკისა და ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა კლაუს ერნსტმა სენატორების წერილი თავხედობად შეაფასა და მოუწოდა ფედერალურ ხელისუფლებას, დაებარებინა აშშ-ის ელჩი და ეფექტური კონტრზომები დაეანონსებინა.
სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ
ამერიკის ხელისუფლება ცდილობს ევროკავშირს თავისი თხევადი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა მიიღო თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ამის გამო პროექტში სამუშაოებზე უარი თქვა შვეიცარიულმა Allseas-მა.
გერმანია და ავსტრია, რომლებიც დაინტერესებული არიან საწვავის საიმედო მიწოდებით, მხარს უჭერენ გაზსადენის გაყვანას. მშენებლობას ემხრობა ასევე ნორვეგია, რომლის მთავრობას მშენებლობის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია Kvaerner-ის აქციების 30 პროცენტი ეკუთვნის.
ივლისის ბოლოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა თავდაცვის ბიუჯეტში შესატანი შესწორებები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას უცხოური მილგამყვანი კომპანიებისთვის, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ, და ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მათ სადაზღვევო სერვისებს სთავაზობენ.