თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. თურქეთში კორონავირუსის პანდემიამ პიკს მეორედ მიაღწია, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ.
„პანდემია გრძელდება, დღითიდღე იზრდება ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა. ჩვენ ვიმყოფებით პირველი ტალღის მეორე პიკზე. ანკარა, სტამბოლი, იზმირი, ბურსა ჯერ კიდევ მაღალი რისკის რიგშია“, - მოჰყავს კოჯას სიტყვები Sputnik-თურქეთს.
ახლა თურქეთში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირდება ანკარაში - ორჯერ მეტი, ვიდრე სტამბოლში, განაცხადა მინისტრმა.
„ამიტომაც მეტს ვმუშაობთ ანკარაში და ვიღებთ ზომებს, განსაკუთრებით სოციალური დისტანციის კუთხით. გარკვეული ასაკის ადამიანებისთვის სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლა შეზღუდულია. მაგრამ ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას ისეთი ზომები, როგორიცაა კომენდანტის საათი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ასევე ინფიცირების ბევრი ახალი შემთხვევა შეინიშნება ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებში - გაზიანთეფში, შანლიურფაში, მარდინში, ერზურუმში.
მინისტრის მიერ მოყვანილი მონაცემებით, ოთხშაბათს თურქეთში კორონავირუსის 1596 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, ეს 15 ივნისიდან ყველაზე დიდი დღე-ღამური მატებაა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა აღწევს 273 301-ს, ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 45 ადამიანი, პანდემიის დაწყებიდან - 6462. კოჯამ გუშინ განაცხადა, რომ თურქეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ერთ დღე-ღამეში გაიზარდა 1572-ით, გარდაიცვალა 47 პაციენტი, 15 მაისის შემდეგ ეს გარდაცვლილების ყველაზე დიდი რიცხვია.
ჯერჯერობით საუბარია ნაადრევია პანდემიაზე კონტროლის დაკარგვაზე, მაგრამ „ზოგიერთ პროვინციაში სიტუაცია ზღვარზეა“, დაასკვნა მან.