Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
ქრისტოდულე ფილოსოფოსი
ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი XII საუკუნის იმ წმიდა მამათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ეკლესიისა და ერის ისტორიაში.
მამა ქრისტოდულე იყო მონაზონი, წარჩინებულთაგან და კეთილშობილთა ძირთაგან აღმოსრული. ქრიტოდულე ფილოსოფოსი ყოფილა, წმიდა წერილში ღრმად ჩახედული, არაბულ და სპარსულ ენებში განსწავლული და ყურანის მცოდნე.
სავარაუდოა, რომ საქართველოში მოღვაწე ბერი შემდგომ ათონს გაემგზავრა, ქართველთა მონასტერში და აღესრულა კუნძულ პატმოსზე.
წმიდა მოწამენი ფლოროსი და ლავროსი
წმიდა მოწამენი ფლოროსი და ლავროსი ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი II საუკუნეში ცხოვრობდნენ ჯერ ბიზანტიაში, შემდეგ კი - ილირიაში (დღევანდელი იუგოსლავია). ძმები ქვისმთლელობას მისდევდნენ.
წმიდანები შრომაში აღებული საზღაურის უმეტეს ნაწილს გლახაკებს ურიგებდნენ, თავად კი მხოლოდ აუცილებლით კმაყოფილდებოდნენ, მკაცრად მარხულობდნენ და ლოცულობდნენ. ერთხელ მშენებლობაზე ადგილობრივი ქურუმის, მამერტის ვაჟი მოვიდა. მას გაუფრთხილებლობის გამო თვალში ქვის ნამსხვრევი მოხვდა და ძლიერ დაუზიანდა. ფლოროსმა და ლავროსმა განრისხებული მამა დაამშვიდეს და დააიმედეს, ჭაბუკი კი თავისთან წაიყვანეს და ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში დამოძღვრეს. როცა სნეულმა ირწმუნა ქრისტე, წმიდა ძმებმა ილოცეს და ყმაწვილს დაშავებული თვალი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ქურუმმაც მთელ სახლეულთან ერთად ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, მათ სხვებმაც მიბაძეს... მორწმუნეთა რიცხვი ყოველდღე იზრდებოდა და როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, მასში უკვე სამასამდე ქრისტიანმა მოიყარა თავი. მაცხოვრის მსასოებლებმა შემუსრეს კერპები, საყდრის აღმოსავლეთ ნაწილში კი წმიდა ჯვარი აღმართეს. შემდეგ ისინი, ზეციური ნათლით გაბრწყინებულები, მთელი ღამე ლოცულობდნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ოლქის მმართველმა სიკვდილი მიუსაჯა ქურუმყოფილ მამერტინს ძითა და სხვა სამასი ქრისტიანითურთ. ფლოროსი და ლავროსი თავად ლიკაონთან გაგზავნეს, მან კი ამომშრალ ჭაში ჩაყარა მარტვილები და შიგ ცოცხლად ჩამარხა. მრავალი წლის შემდეგ მოწამეთა ცხედრები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული. ისინი პატივით გადააბრძანეს კონსტანტინოპოლში.
წმიდა მოწამენი ერმი, სერაპიონი და პოლიენი
წმიდა მოწამენი ერმი, სერაპიონი და პოლიენი რომაელები იყვნენ. ისინი II საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. როცა დატუსაღებული წმიდანები სამსჯავროზე წარადგინეს, მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. მაშინ მტარვალებმა ვიწრო და უვალ ადგილებში, ქვებზე და შვერილებზე ათრიეს უფლის რჩეულები, სანამ ტანჯვაში სული არ აღმოხდათ და ზეციურ დიდებას არ შეერთვნენ.
მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მასთან ერთად ილარიონი, დიონისე და ერმიპე
მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მასთან ერთად ილარიონი, დიონისე და ერმიპე დაიბადნენ და ცხოვრობდნენ სომხეთში. მშობლების სიკვდილის შემდეგ ძმებმა ემილიანემ, დიონისემ და ერმიპემ მოძღვართან - ილარიონთან ერთად დატოვეს სამშობლო და იტალიაში წავიდნენ. აქ წმიდა ემელიანე დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას წარმართთა შორის. თავისი მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით მან ქრისტიანული თემის ღრმა პატივისცემა დაიმსახურა და ქალაქ ტრებიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ქიროტონია აღასრულა რომის პაპმა მარკელინემ. ტრებიაში გადასახლებული მღვდელმთავარი მრავალ უღმრთოს აყენებდა ცხონების გზაზე, რისთვისაც შეიპყრეს და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) სამსჯავროზე წარადგინეს. ემელიანემ ხელისუფალს შესთავაზა, თვითონ დარწმუნებულიყო ქრისტესადმი აღვლენილი ლოცვის ძალაში. მოიყვანეს დავრდომილი, რომელიც დიდი ხნის წინ მიჯაჭვოდა სარეცელს. ქურუმები ბევრს ეცადნენ მის განკურნებას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მაშინ ემელიანემ ილოცა და იესო ქრისტეს სახელით წამოდგომა უბრძანა სნეულს. ისიც, სრულიად გამოჯანმრთელებული, წამოდგა და სიხარულით გაიქცა შინისაკენ. ეს სასწაული იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ იმპერატორმა ქრისტიანული სარწმუნოებისკენ იწყო გადადრეკა, მაგრამ მოგვებმა დაარწმუნეს, მღვდელმთავარი ჯადოსნობით მოქმედებსო. ნეტარი მარტვილის პატიოსანი ცხედარი მათ კრძალვით მიაბარეს მიწას (+დაახლ. 300).
წმიდა იოანე და გიორგი - კონსტანტინოპოლელი პატრიარქები
წმიდა იოანე V კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო 669 წლიდან 674 წლამდე, წმიდა გიორგი I კი - 678 წლიდან 683 წლამდე. ორივენი იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ზეობისას მოღვაწეობდნენ.
ღირსი იოანე რილელი
ღირსი იოანე რილელი - დიდი ბულგარელი მამა - 876 წელს დაიბადა სრედეცის (დღევანდელი - სოფია) ოლქის სოფელში. თორმეტი წელი გაატარა წმიდანმა მღვიმეში, შემდეგ კი რილის უდაბნოში გადაინაცვლა და ხის ფუღუროში დამკვიდრდა. წმიდა იოანე უდაბნოს მწირი ბალახებით იკვებებოდა, მაგრამ ღვთის განგებით, მალე მის ირგვლივ ცერცვის ყანა აღმოცენდა.
კაცთამიერი დიდებისაგან თავი რომ მოეზღუდა, მოსაგრე მაღალ და მიუვალ კლდეზე დამკვიდრდა და შვიდი წელი იცხოვრა ღია ცის ქვეშ. როცა ხმამ დიდი მეუდაბნოის შესახებ ბულგარეთის მეფე პეტრემდე (927-969) მიაღწია, მან წმიდა ბერის ნახვა ისურვა; ღირსმა იოანემ კი მხოლოდ ეპისტოლე გაუგზავნა თვითმპყრობელს, ხოლო მასთან შეხვედრას თავი აარიდა.
მოგვიანებით, ღვთის კურთხევით, მეუდაბნოეს დაეკისრა ზრუნვა იმ ძმების სულებზე, რომლებმაც ტაძარი და მონასტერი მოაწყვეს ღირსი იოანეს უწინდელ მღვიმეში. 946 წლის 18 აგვისტოს წმინდანმა სამოცდაათი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მიცვალებამდე ხუთი წლით ადრე მან საკუთარი ხელით დაწერა „ანდერძი მოწაფეთა მიმართ“ - ძველი ბულგარული მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით .