თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. 2020 წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს, იუწყება გამოცდების ეროვნული ცენტრი.
2020 წლის გამოცდებში 39300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3600-ზე მეტი სტუდენტი, 12600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი, 12000-მდე მასწავლებლობის მსურველი მონაწილეობდა.
„ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე. მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არცთუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ, არ დაკარგონ მოტივაცია – უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.
„წინა წელს თუ შევადარებთ, შარშან სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს – 75%. ასე რომ, ამ თვალსაზრისით წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს“, – განაცხადა გორგოძემ.
მან ასევე შეახსენა იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად უშუალოდ უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა აბიტურიენტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც მიულოცა.
„პანდემიის გამო წელს გამოცდები უჩვეულო გარემოში ჩატარდა. ამ გამოწვევის მიუხედავად თქვენ შეძელით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და თქვენი ცოდნით სასურველ მიზანს მიაღწიეთ. ჩვენ, სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო და გამოცდების მიმდინარეობისას დაცული ყოფილიყო თითოეული მონაწილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ჩვენ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენი ხელშეწყობისთვის, რადგან განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარია“, – განაცხადა ჩხენკელმა.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 5 აგვისტოს დასრულდა.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.