თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. კომუნიკაციების კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და სუბტიტრების გარეშე გასული რუსულენოვანი გადაცემის გამო დააჯარიმა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოში სახელმწიფო ენა ქართულია. საქართველოში ავტორიზებულ არხებზე სხვა ენებზე ტრანსლაციები მკაცრად ლიმიტირებულია და ქართულ სუბტიტრებს მოითხოვს.
იანვარში ტელეარხ „ობიექტივმა“ მიიღო პირველი გაფრთხილება რუსულ ენაზე განთავსებული ტელეგადაცემის გამო. მაშინ ტელეარხმა საკითხის გადაჭრის პირობა დადო.
ახლა კი, კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეარხს მოუწევს 5000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და რუსულენოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემის „ყველას გასაგონად“ სამაუწყებლო ბადიდან ამოღება.
კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე პროგრამები განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს.
ამასთანავე, არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა პრაიმ-ტაიმში არ უნდა აღემატებოდეს მის 10%-ს. მაუწყებელი ასევე ვალდებულია პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით.