თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი ექვსი ავტომობილის გაქურდვისთვის დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 20 და 21 აგვისტოს ბათუმში ექვსი ავტომობილის საქარე მინა დააზიანა, შეაღწია სალონებში და იქ არსებული სხვადასხვა პირადი ნივთები მოიპარა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გარდა ამისა, დაკავებულმა მიმდინარე თვეში, თბილისში ჩადენილი კიდევ რვა მანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალდებულს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.