თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებია საქართველოს საპატრიარქოს სთხოვს გამონაკლისი დაუშვან და მის შვილიშვილს წესი აუგონ.
23 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის ბიჭი საკუთარი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებობს ეჭვი, რომ ბავშვის სიკვდილთან კავშირი აქვს მამას, რომელიც, ნათესავებისა და მეზობლების თქმით, ბავშვს გამუდმებით ცუდად ექცეოდა. იგი დაკავებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაპატიმრებულია.
მოზარდის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობის დასახელების შემთხვევაში, გარდაცვლილ ბიჭს მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ აუგებს. ოჯახი და სასულიერო პირები მომხდარზე ექსპერტიზის ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.
გარდაცვლილის ბებიის თქმით, შესაძლოა, მის შვილიშვილს სუიციდი არ ჩაედინა.
„ვთხოვთ საპატრიარქოს, დამეხმაროს და ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან. ბავშვი მორწმუნე იყო, შეიძლება თავი არც მოუკლავს, მაგრამ, თუ ეს მართლა ჩაიდინა, ეს გააკეთა სტრესის გამო და ამიტომ ვთხოვ მათ დაუშვან გამონაკლისი და აუგონ წესი ბავშვს“, - განაცხადა როზა ბოგვერაძემ.
გარდაცვლილი ბავშვისთვის წესის აგების საკითხზე დღეს თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამონაკლისი დაუშვებელია, თუმცა ეპარქიის მამაოებს მომხდარის გარკვევას დაავალებს.
„აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება. ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია. გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არაა", - განაცხადა მეუფე გიორგიმ.
აღნიშნულ თემაზე საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, შესაძლოა, მისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ.
„როდესაც ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება სუიციდი, ეკლესია წესის აგების გადაწყვეტილებას იღებს. ყველაფერთან ერთად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარდაცვლილი მცირეწლოვანი იყო და მისთვის ისედაც რთული იქნებოდა ადეკვატურად ემოქმედა. 11 წლის ბავშვისათვის გაცილებით რთულია გარემოებების სწორად აღქმა და განსაზღვრა, ვიდრე გამოცდილების მქონე ადამიანისთვის. თუ ვინმემ აიძულა და ის ძალადობის ქვეშ იყო, მისი თავისუფალი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა თვითმკვლელობა", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა სამართალდამცველებმა 23 აგვისტოს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით წარედგინა.
მოზარდის გარდაცვალებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა დააკისრა ყველას, ვინც იცოდა ძალადობის ფაქტის შესახებ და არანაირი ზომა ამის აღსაკვეთად არ მიიღო.