თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. პენსიის გაცემა ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პლუს 30: რამდენი პენსიონერი მიიღებს გაზრდილ პენსიას>>
გახარიას განცხადებით, ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი და ამას ბანკი უზრუნველყოფს.
„მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და, შესაბამისად, გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით. პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი. არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის განცხადებით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ პანდემიის დროს ბანკებთან არ იყოს რიგები და პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით არა ყველამ ერთ დღეს, არამედ 1-დან 14 რიცხვამდე მიიღოს პენსია.
პენსიები საქართველოში ყოველწლიურად გაიზრდება: მთავრობის ინიციატივა პარლამენტშია>>
პენსიის ოდენობა საქართველოში ამჟამად 220 ლარს შეადგენს. 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზარდათ და მან 250 ლარს მიაღწია. ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წელია, მამაკაცებისთვის – 65 წელი. საქართველოში სულ 770,3 ათასი პენსიონერია.