თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. რუსული ტანკის Т-14 Армата-ს უპილოტო ვერსიის შემქმნელებმა გადაჭრეს პრობლემა, რომელიც დისტანციური მართვის ნებისმიერ მანქანას ახასიათებს, წერს ამერიკელი პუბლიცისტი პიტერ სუჩიუ National Interest-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უახლესმა ტანკმა „არმატამ“ უპილოტო რეჟიმში გამოცდა ჩააბარა.
პუბლიცისტს მიაჩნია, რომ ტექნიკის უზრუნველყოფა „სიტუაციური ინფორმირებულობით“ აპარატის დისტანციურ მართვაში უმნიშვნელოვანესი საკითხია. Т-14-ის შემქმნელებმა ეს ტანკის მთლიან კორპუსზე ხედვის ფართო კუთხის ვიდეოკამერების განლაგებით მოაგვარეს. კამერებს 360 გრადუსიანი დიაპაზონი აქვს და ეკიპაჟს „სიტუაციური ვითარების“ შესახებ ინფორმაციას აწვდის.
ტანკის სხვა ინოვაციურ მახასიათებლად პუბლიცისტი მის კოშკურას ასახელებს. ის აღჭურვილია დისტანციური მართვის გლუვლულიანი 125-მილიმეტრიანი ძირითადი ქვემეხით 2А82-1М — განადგურების სრულად ავტომატიზებული სისტემით.
ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა Т-14-ის სიჩქარეზეც — მანქანა 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. სუჩიუს ვარაუდით, ეს მას პოტენციურად უფრო მეტად მობილურს ხდის, ვიდრე ამერიკული M-1 Abrams-ია.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ახალი რუსული ტანკი ასევე შეძლებს დაზვერვითი ოპერაციების ჩატარებას, სამიზნეების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობას და ცეცხლის კორექტირებას როგორც თვითმავალი საარტილერიო დანადგარებისთვის, ისე „ხმელეთი–ჰაერის“ სისტემის რაკეტებისა და ტანკ Т-90-სთვისაც კი.
Т-14 — ომის შემდგომი მესამე თაობის ერთადერთი ტანკია მსოფლიოში, რომლის დანიშნულებაც მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხებით ბრძოლის წარმოება და მოტომსროლელი შენაერთების მხარდაჭერაა შეტევისას.