თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფისას ერთ-ერთი დაღუპული ნუცა ყანადაშვილია, რომელიც ხევსურეთის ტურში დედასთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ავტოავარიას მისი დედაც ემსხვერპლა. ასევე ვრცელდება ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის ლაშა თურმანიძის პოსტი, სადაც ის წერს, რომ ტურში წაყვანაზე ნუცას ორი დღის წინ უთხრა უარი უამინდობის გამო.
„გუშინ Facebook-ზე ხევსურეთში ყოფნისას დაწერა „ჩემი სული სულ აქ არის, სულ“, – წერს ლაშა თურმანიძე.
შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდა წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანიდანაა. 22 წლის ხატია ზაალიშვილი თბილისში დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.
უბედურ შემთხვევას ასევე ემსხვერპლნენ დები ხათუნა და ირმა მარუაშვილები.
ტრაგედიას ემსხვერპლა 25 წლის დეა დევსურაშვილი, იგი ადგილზე გარდაიცვალა. დეაც შატილის საბედისწერო ტურზე დასთან, 23 წლის ხატია დევსურაშვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია უტარდება, თუმცა, ექიმების თქმით, ამ ეტაპზე მისი ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელია, შესაბამისად, გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
გარდაცვლილებს შორის არის საბედისწერო ტურის გიდიც სერგო გორლიუკოვი.
23 აგვისტოს შატილის გზაზე საშინელი ავარია მოხდა – კლდოვან ფერდობზე დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან სამგზავრო მიკროავტობუსი გადავარდა.
ბოლო მონაცემებით, ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, სამი მგზავრი მძიმედ დაშავდა.