თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით სასკოლო პროგრამაში დაინერგოს კონსტიტუციის სწავლება, ნათქვამია ზურაბიშვილის მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუცია „ცოცხალი არსებაა“, რომელიც იზრდება და ყალიბდება ქართულ სახელმწიფოსთან ერთად და მისი განვითარების ეტაპებს ასახავს.
„და ამიტომაც გამოვდივარ ინიციატივით – ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები! კონსტიტუცია აღქმული უნდა იყოს, როგორც პრინციპების და ნორმების ცოცხალი კრებული, რადგან სწორედ მათ განხორციელებას ეფუძნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და წინსვლა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
საქართველოს კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს. ყოველწლიურად ამ დღეს კონსტიტუციის დღე აღინიშნება.