თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შესული შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა და საქართველოს პირველი არხი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.
საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ბომბის შესახებ ზარი დაახლოებით 17:00 საათზე შევიდა. რის გამოც პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე შენობა მთლიანად შემოწმებულია და სამართალდამცავების ინფორმაციით, მუშაობის გაგრძელება უსაფრთხოა.
ამასთან, როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ჟურნალისტები უკვე შეუდგნენ მუშაობას.
„ჩვენი ჟურნალისტები შეუდგნენ მუშაობას და 9-საათიანი „მოამბე“ გავა ეთერში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები მიმართავენ ზომებს, იდენტიფიცირებული იქნება ზარის ავტორი“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
შენობაში სამართალდამცველები ოთხ საათზე მეტხანს მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ გამნაღმველები.
ტელეკომპანიის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოეთერი შეფერხების გარეშე მუშაობდა.
საქართველოს პირველ არხში ბომბის არსებობაზე შესულ ზარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.