ნუცა ბუზალაძეს, ისევე როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. წლების მანძილზე შეუდარებელი მომღერალი ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა. ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. მათი თითოეული ნაბიჯი სოციალური ქსელის ვიდეოებში თავად ნუცას მიერ არის გამოქვეყნებული. წყვილი შეუდარებლად გამოიყურება. ისინი ერთმანეთს დიდ დროს უთმობენ. კონცერტის გამო ნუცა ბათუმში გაემგზავრა. მოგვიანებით კი მისმა იუბილარმა შეყვარებულმა დაბადების დღის გადახდა სწორედ ბათუმში გადაწყვიტა. ნუცამ პარტნიორს ულამაზესი საჩუქარი და უსაყვარლესი ტორტი უსახსოვრა.
ნუცა ბუზალაძემ რუსულ მეგაპროექტში გამოჩენის შემდეგ რუსული ესტრადის პოპულარული მომღერლების ინტერესი გამოიწვია. ჟიურის წევრებმა ახალგაზრდა მომღერალი უმაღლესი შეფასებებითა და დიდი ოვაციებით დააჯილდოეს. მან განსაკუთრებული ყურადღება სერგეი ლაზარევისგან დაიმსახურა. მედია მათი რომანის შესახებ ინტენსიურად საუბრობდა. თუმცა ნუცა ბუზალაძე ქართველ რჩეულთან ერთად მალევე გამოჩნდა და ყველა ჭორს ნათელი მოეფინა. ცეცხლოვანი არტისტის შეყვარებული საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი პატი მეზვრიშვილია.
აღსანიშნავია, რომ ნუცამ ბოლო ერთი წლის მანძილზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მომღერალი საგრძნობლად დაიკლო წონაში, ეს კი შეყვარებულობის პერიოდს დაემთხვა. სურათების კომენტარებში თაყვანისმცემლები ღელავდნენ, ხომ არ აქვს ახალგაზრდა არტისტს ანორექსია. მალე ნუცამ ყველა დაამშვიდა, რომ გახდომის მიზეზი აქტიური ვარჯიში და სწორი კვებაა. ამის შემდეგ ვნებათაღელვა დაცხრა. ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით ნუცას ფანები, ტენდენციას აჰყვნენ და ვარჯიში დაიწყეს. თამამი გოგონა ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევა და დასახული მიზნისკენ შემართებით მიიწევს.
წყვილი ურთიერთობას რამდენიმე თვის მანძილზე მალავდა. Instagram-ის გამოკითხვაში კი მან სერგეი ლაზარევთან ურთიერთობაზე საჯაროდ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ სერგეი ლაზარევი ქართველი კონკურსანტის მისამართით საჯარო შექებას არ იშურებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგადად კოლეგების შექებით არ გამოირჩევა. როგორც ჩანს, სერგეი ლაზარევი ქართული სილამაზისადმი გულგრილი არ არის. რუსულ პრესაში ადრე აქტიურად წერდნენ ქეთა თოფურიასადმი რუსი მომღერლის სიყვარულის შესახებ, ასე მოხდა ნუცას შემთხვევაშიც.