თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. უამინდობის გამო რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ხუთი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა, იუწყება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია.
„21 აგვისტოს, გამთენიისას დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად ჩოლურის და ლაშხეთის თემები მთლიანად გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა სამი ხიდი. ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი დილიდან სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფება. მისი თქმით, ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ლასკადურა და ხიდი წაიღო, დააზიანა სოფლებს შორის რამდენიმე გზა.
ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის დაბის მოსახლეობას. კოკისპირული წვიმა ახლაც გრძელდება, აღნიშნულია განცხადებაში.
სინოპტიკოსები 21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ და მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებ გვაფრთხილებენ.