თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი პროდასავლური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნების წინ პარტიულ სიასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გაიხლიჩა: მისმა თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ და რამდენიმე გამორჩეულმა წევრმა „ევროპულ საქართველოში“ გადასვლა გადაწყვიტა.
პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ 2009 წელს თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შექმნა. პარტია 2012 წელს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში ხელისუფლებაში მოვიდა, თუმცა ორი წლის შემდეგ უთანხმოებების გამო ოპოზიციაში გადავიდა. 2019 წლიდან „დემოკრატები“ კოალიციაშია პარტიასთან „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
„საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. ეს გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა“, – განაცხადა შავგულიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, წასვლის მთავარი მიზეზი გახდა სია, სადაც გამგეობის უმრავლესობამ იმ ადამიანის შეყვანა მოითხოვა, რომელსაც სამი წლის განმავლობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია პარტიის მუშაობაში, ასევე პარტიის გამგეობის წევრების დასწრება მმართველი „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენაზე.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მასთან ერთად პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა. ისინი ახლა „ევროპულ საქართველოსთან“ შეერთებას და არჩევნებზე მათთან თანამშრომლობას აპირებენ.
ამგვარად, შალვა შავგულიძე მთაწმინდა–კრწანისის ოლქში ოპოზიციის კანდიდატად დარჩება, თუმცა ახლა უკვე სხვა პარტიის სახელით.
ეს არჩევნების წინ პარტიიდან წასვლის პირველი შემთხვევა არ არის. ორი კვირის წინ პარტია ლევან სამუშიამ დატოვა და ის შეუერთდა პარტიას „ლელო საქართველოსთვის“.