თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის მთაზე დღეს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 899-ე წლისთავი აღინიშნება.
დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო — „დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.
დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.
თურქ-სელჩუკებს ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა. მათი ლაშქრის რაოდენობა, სხვადასხვა ცნობების მიხედვით, 250-300 ათასიდან 500-600 ათასამდე მერყეობდა. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. ყველა მონაცემიდან აშკარაა, რომ დიდგორის ველზე, რიცხობრივი რაოდენობის მიხედვით, არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს.
დავით IV-ის განკარგულებაში სულ 56 ათასი მეომარი იყო. მათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი, 500 ოსი და 100 „ფრანგი“ („ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე ევროპელებს ეძახდნენ.)
ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისკენ გაემართა. მაჰმადიანებს ისინი მოღალატეები ეგონათ და თავიანთ ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. ამან კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაარღვია. და სწორედ ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია — დასავლეთიდან დავით აღმაშენებელი, ხოლო დიდგორის მთიდან უფლისწული დემეტრე გადავიდნენ შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი თანამებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ. სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისათვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს. დაჭრილმა ილღაზმა რამდენიმე სარდალთან და ოციოდე მხედართან ერთად გაქცევა მოახერხა.
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.