თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა, რომელიც აჭარისა და გურიის რეგიონებს აერთიანებს, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფორუმის მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვა.
„დღეს ბათუმი მასპინძლობს მნიშვნელოვან ახალგაზრდულ ფორუმს. როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს სტრატეგია, პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების მეტ შესაძლებლობებს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
პრეს-სამსახურის ცნობით, ფორუმის ფარგლებში აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პრეზენტაციაც გაიმართა. ახალგაზრდობის სააგენტომ ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი წარმოადგინა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების – გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და „იუნისეფის“ წარმომადგენლები.
12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და ის პირველად 2000 წლის 12 აგვისტოს აღინიშნა.