თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. მესტიის ცენტრში საველე კარავია მოწყობილი, სადაც ეპიდემიოლოგები კორონავირუსზე მოსახლოებას იკვლევენ, იუწყება პირველი არხი.
ყაზბეგში კორონავირუსის კერა აღმოაჩინეს>>
მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების შემოღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუშინ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
ჩაკეტილ რეგიონში დღეს ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი მუშაობს და მოსახლეობას ვირუსზე იკვლევს. ადგილზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ჩასვლას ელოდებიან.
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებით, მუნიციპალიტეტში უკვე ელოდებიან კორონავირუსზე ჩატარებული 420–ზე მეტი ტესტის პასუხს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ, 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი.