თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს დაუდასტურდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, 3 შემთხვევა - მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა.
საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.
სამინისტროს ცნობით, ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, 20-ზე მეტი თანამშრომელი კი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება მუდმივ რეჟიმში უტარდებათ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1264-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1054 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7279, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 279 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.