თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობამ კომპენსაცია გადაუხადა 515 495 მოქალაქეს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს განცხადებაში.
მათ, ვინც პანდემიის პერიოდში მუდმივი სამუშაო დაკარგა, საქართველოს მთავრობა თვეში 200 ლარით ეხმარება, ხოლო თვითდასაქმებულებს – ერთჯერადად 300 ლარით.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 10 აგვისტოს მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 251 690 პირი.
ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია უკვე გადარიცხულია 171 801 პირზე - სულ 51 540 300 ლარი.
რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია მაისის თვეში ჩაერიცხა 72 853 პირს - 14 570 600 ლარი, ივნისის თვეში - 152 946 პირს - 30 589 200 ლარი, ივლისის თვეში - 117 895 პირს - 23 551 900 ლარი. სულ ჯამში გადარიცხულია 68 711 700 ლარი.
თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტოს დასრულდა.
საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებას ითვალისწინებს. კომპენსაციების გაცემა კი 28 მაისს დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად რეგისტრაციის ვადის ამოწურვისა, ფულადი დახმარების გადარიცხვა გაგრძელდება.