თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს.
როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი ტატუაშვილის მიერ მმართველი პარტიის კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერაა.
„გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით გარიცხეს.