თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთის წყარო უცნობია, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში ცხრით გაიზარდა და 1225-ს მიაღწია.
ამირან გამყრელიძე: სექტემბერში სწავლის დაწყებას საშიშროება არ ემუქრება>>
გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთა შორის ორი მედპერსონალია, ორი კი „იმპორტირებული“ შემთხვევა. ახალ შემთხვევათა შორის ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერიდანაა.
„ერთის გარდა, ცნობილია ყველას ინფიცირების წყარო, რომელზეც ახლა კვლევა მიმდინარეობს. ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერიდან არის, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან. სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ორი სამედიცინო პერსონალია. ორი არის „იმპორტირებული“, მათ შორის არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
რაც შეეხება სოფელ ყარაჯალარში არსებულ მდგომარეობას, სოფლიდან კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, სოფელში მოსახლეობის კვლევა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა.
ამასთან, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი გორსა და თბილისში რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. ამ ეტაპზე ინფიცირებული ექიმის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
ბოლო მონაცმებეით, ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 1000 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 242 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.