თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. ბელარუსში სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები დასრულდა, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) დაიხურა. არსებული მონაცემების მიხედვით, არჩევნებზე ამომრჩევლის 79% გამოცხადდა, იუწყება Sputnik–ბელარუსი.
ბელარუსი პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. ამგვარად, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება.
არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ალექსანდრ ლუკაშენკო – მოქმედი პრეზიდენტი, კენჭს იყრის მეექვსედ, ასევე ანა კანოპაცკაია, ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩერეჩენი, სვეტლანა ტიხანოვსკაია.
ეროვნული ეგზიტპოლის მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკო იღებს ხმების 79,7%–ს, სვეტლანა ტიხანოვსკაია – 6,8%–ს, ანა კანოპაცკაია – 2,3%–ს, ანდრეი დმიტრიევი – 1,1%–ს, სერგეი ჩერეჩენი – 0,9%–ს. ყველა კანდიდასი წინააღმდეგ ხმა მისცა 9,2%–მა.
ეგზიტპოლი 5767 უბნიდან 320 უბანში ჩატარდა. ამომრჩეველი ანონიმურად გამოიკითხა. კითხვაზე პასუხი გასცა 67,6%–მა, პასუხზე უარი თქვა 32,4%–მა. სულ გამოიკითხა 12 340 ადამიანი.
პირველად ისტორიაში: ბელარუსელები პრეზიდენტს საქართველოში ირჩევენ>>
ბელარუსში სიაში შეყვანილ ამომრჩეველთა რაოდენობაა 6 829 937 ადამიანი. პრეზიდენტის არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მიიღო, ხოლო პრეზიდენტი არჩეულად, თუ მას ხმა მისცა მოქალაქეთა ნახევარზე მეტმა.
ცესკო აცხადებს, რომ არჩევნების წინასწარ შედეგებს ორშაბათ დილით გამოაცხადებს.