თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სპეცრეისი ქართველი სტუდენტების გერმანიაში გამგზავრებისა და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განხორციელდება.
სპეციალური რეისის შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ (Georgian Airways) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 7 აგვისტოს მისცა. ავიარეისი ბოინგი B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
„ფრენას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 11 აგვისტოს, შემდეგი განრიგით განახორციელებს: 11 აგვისტო, თბილისი-ბერლინი-თბილისი, გაფრენა 11:00, მოფრენა 19:30 საათი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისი-ბერლინის მიმართულებით, სპეციალური რეისი ორიენტირებულია ქართველი სტუდენტების ტრანსპორტირებაზე, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში და აქვთ სამუშაო მოწვევა გერმანიაში.
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არ იქნება 199 ევროზე მეტი.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.
ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობო შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
2 აგვისტოდან რეგულარული ფრენები განახლდა მიუნხენის მიმართულებით. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც ოთხთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოში რეგულარული ავიარეისები აღადგინა. 5 აგვისტოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა თბილისსა და რიგას შორის, რომელსაც AirBaltic ასრულებს, ხოლო 8 აგვისტოს თბილისსა და პარიზს შორის ფრენებს დაიწყებს Air France.