თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ქართულმა გასტრონომიულმა ასოციაციამ პროგრამის The USAID Economic Security Program მხარდაჭერით შვიდი ვიდეოგაკვეთილი მოამზადა, რომლებშიც ნაჩვენები იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გასტრონომიული თავისებურებანი.
როგორც ქართული გასტრონომიული ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის „აღმოაჩინე ქართული გასტრონომია" მთავარი მიზანი გასტრონომიული ტურიზმის მხარდაჭერა და წახალისებაა.
პროექტის ფარგლებში შვიდი მინი-ვიდეორგოლი მომზადდა, რომლებიც საქართველოს შვიდი სხვადასხვა რეგიონის – კახეთის, სვანეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის, მესხეთის, რაჭა-ლეჩხუმის უნიკალურ გასტრონომიულ ტრადიციებს წარმოაჩენს.
ვიდეოში მონაწილეობენ წარმატებული ქართველი შეფ-მზარეულები, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ამზადებენ ამა თუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელ კერძებს, დადიან ადგილობრივ ბაზრებში და მაყურებელს ტრადიციების შესახებ უყვებიან.
"საკვები და მოგზაურობა ორი მჭიდროდ დაკავშირებული რამაა. ისეთ პერსპექტიულ გასტრონომიულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც საერთაშორისო ტურისტებისთვის, ისე საშუალებას მისცემს ადგილობრივ მცხოვრებლებს, ხელახლა აღმოაჩინონ საქართველო და მისი გასტრონომია", – ნათქვამია განცხადებაში.
„სუსტი გულის მქონენი არ გაეკაროთ" – CNN ქართულ სამზარეულოზე>>
მინი-ფილმები წარმოადგენს საქართველოს რეგიონულ გასტრონომიასა და ღირსშესანიშნაობებს, სადაც საქართველოს რეგიონები ნაჩვენებია როგორც ულამაზესი, ხელმისაწვდომი და მდიდარი გასტრონომიული მემკვიდრეობის მქონე ტურისტული დანიშნულებები. მინი-ვიდეოები გავრცელდება და ხელმისაწვდომი იქნება USAID-სა და გასტრონომიის ასოციაციის სოციალურ ქსელებში, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციის, DMO-ებისა და სხვადასხვა შესაბამის არხებზე.