თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ორი ექიმი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი გულგრილობა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თაღლითობა და უკანონო საექიმო საქმიანობა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა პაციენტმა, სადაც მას კონსულტაცია გაუწია ერთ-ერთმა ამჟამად დაკავებულმა ექიმმა ვ.ყ.-მ.
მან პაციენტი დაარწმუნა, რომ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში იქნა გადაგზავნილი, საიდანაც მოვიდა პასუხი აუცილებელი ოპერაციის თაობაზე. უფრო მეტიც, პაციენტი დაარწმუნეს, რომ ქირურგიულ ოპერაციასაც იტალიელი ექიმები ჩაატარებდნენ.
თუმცა, აღნიშნული ოპერაცია 2018 წლის 18 სექტემბერს, იტალიელი ექიმების ნაცვლად, თავად ვ.ყ.-მ ჩაატარა, რომელსაც არ ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი „ორთოპედია–ტრავმატოლოგიის“ სპეციალობით. ოპერაციის დროს მისი ასისტენტი იყო მეორე დაკავებული მ.ხ., რომელსაც საექიმო საქმიანობის არანაირი სერტიფიკატი არ გააჩნდა.
ოპერაციის შემდეგ პაციენტს ტკივილები განუახლდა, რის გამოც მან აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. იმავე ექიმმა ვ.ყ-მ იგი განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე დაიყოლია იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ.
განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს ჩატარდა. ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, იმავე „ექიმებმა“ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მთელი ამ „მკურნალობის“ პერიოდში კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა მედპერსონალის შესაბამისი ლიცენზიის არსებობის საკითხი, უფრო მეტიც, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა ზემოაღნიშნული პაციენტის მკურნალობის პროცესზე.
ვ.ყ.-ს ბრალი სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საავადმყოფოს დირექტორს ბრალად ედება გულგრილობა, მას ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
მ.ხ.-მ ქვეყნის დატოვება მოასწრო და მას ბრალი უკანონო საექიმო საქმიანობისთვის დაუსწრებლად წარედგინა, რაც ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.